სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ ევროპის უნივერსიტეტთან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სწავლების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამ ეტაპზე თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის/მაგისტრატურის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკაში გაიარონ სწავლების პრაქტიკული კომპონენტი 15 კვირის განმავლობაში.
კლინიკა შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისაგან. კლინიკაში საქმიანობის დაწყებამდე სტუდენტები გაივლიან სათანადო თეორიულ-ინტერაქტიულ კურსს იმ ძირითადი უნარ-ჩვევევბის ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად გაართვან თავი კლინიკაში დაგეგმილ აქტივობებს. იურიდიული კლინიკით გათვალისწინებული პრაქტიკული კურსის დასასრულს მოეწყობა იმიტირებული პროცესი. კლინიკის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.
კლინიკის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც შეესაბამება მაღალ ეთიკურ სტანდარტებს და საადვოკატო საქმიანობის არჩევის შემთხვევაში იურისტი მზად იყოს ეთიკური საადვოკატო პრაქტიკისათვის.
ადვოკატთა ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებითაც გეგმავს. მემურანდუმს ხელი ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილმა პირმა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა იოსებ კელენჯერიძემ მოაწერეს.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა 2016 წლის 15 მარტიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის სწავლებას უმაღლესი განათლების დაწესებულებებში მხარს უჭერს USAID-PROLOG-ის პროექტი ,,საქართველოს ადვოკატთაასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.“